English / ქართული / русский /
იზოლდა ჭილაძე
მოგების გადასახადის ახალი მოდელი საქართველოში და მისი აღრიცხვის საკითხები

ანოტაცია.

სტატიაში კვლევის საგანია მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რომელიც საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, და მისი აღრიცხვის შესაბამისი საკითხები.აამ მოდელის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამდენად, რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება.

 ავტორის აზრით, საწარმოში არაპირდაპირ იძულების წესით მოგების რეინვესტირება პანაცეა ვერ იქნება, რადგან, ჯერ ერთი, მოგების რეინვესტირება არც აქამდე არ იყო აკრძალული და მეორეც, მოგების გადასახადის განაკვეთი 15% იმდენად მაღალი არ არის, რომ მესაკუთრემ დივიდენდზე უარი თქვას და მესამე, სამწუხაროდ, საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, გადასახადების გადახდის აუცილებლობის თვითშემეცნების კულტურის დონეც დაბალია. ამიტომ, დამატებით საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

•  ყველა ტიპის საწარმოსთვის დაკანონდეს მოგების მინიმალური პროცენტული ზღვარი (30%), რომლის რეინვესტირება აუცილებლად განხორციელდება. ზედა ზღვარი დამოუკიდებლად საწარმოებმა გადაწყვიტონ;

•  საწამოებში წლიური მოგებიდან პირველ რიგში გამოიყოს საინვესტიციო მოგების თანხა, და დანარჩენი მოგების გადასახადის გამოქვითვის შემდეგ გაიცეს დივიდენდის სახით;

•  მოგების გადასახადის განაკვეთი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს (20%) გაუთანაბრდეს.

მოცემული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მოგების გადასახადის ახალი მოდელი საქართველოში უფრო დაიხვეწება, საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდება, რეალურად გაიზრდება დასაქმებაც და თავიდან იქნება აცილებული საგადასახადო რისკები. 

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო დაბეგვრა, მოგების გადასახადი, განაწილებული მოგება, რეინვესტირებული მოგება

მოგების გადასახადის აღრიცხვის საკითხებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი ბასს 12 – “მოგების გადასახადი” არეგულირებს. მ დასახელებული სტანდარტის მიერ აღიარებული მეთოდიკის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მოგებიდან გადასახდელი თანხის სიდიდე განისაზღვრება საგადასახადო მოგების საფუძველზე, ნაცვლად ფაქტობრივი წლიური მოგებისა, რომელიც იმავდროულად სააღრიცხვო მოგებას წარმოდგენს. ხოლო, მოგების გადასახადის ხარჯი საწარმომ ანგარიშგებაში უნდა აღიაროს არა იმ თანხით, რაც ბიუჯეტში ფაქტობრივად მიემართება, არამედ, სააღრიცხვო მოგებიდან, რაც წარმოშობს სხვაობებს გადავა¬დებული საგადასახადო აქტივის ან გადავადებული საგადასახადო ვალდებულების სახით.

საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან აქტუალური გახდა  მოგების გადასახადის ახალი მოდელი, რადგან ამ დროიდან ძალაში შევიდა მოგების გადასახადის ახალი რეგულაციები, რომელიც ბასს 12-ის მიდგომებისაგან განსხვავდება და რომელსაც “ესტონური მოდელი” ეწოდა. როგორც ცნობილია, ამ მოდელს დიდი წარმატება აქვს ესტონეთში. იგი 15 წლის წინ გადავიდა ამ მოდელზე და, როგორც ეკონომისტები წერენ, ამან იქ ეკონომიკის გააქტიურება გამოიწვია და ეკონომიკური კრიზისების მიმართ ეს პატარა ქვეყანა ყველაზე მდგრადი აღმოჩნდა [4].

ესტონეთს მცირე ეკონომიკის სასწაულის ქვეყანასაც უწოდებენ, რაც არაერთი მცირე თუ მასშტაბური რეფორმით იყო განპირობებული. მოგების გადასახადის რეფორმა არაპოპულარი რე-ფორმების რიცხვს ეკუთვნოდა, რაც საწყის ეტაპზე საზოგადოების ან ბიუჯეტის შემოსავლების კლებას იწვევს. ესტონეთში ეს რეფორმა თითქმის უმტკივნეულოდ განხორციელდა. მოგების გადასახადის რეფორმა 2000 წელს დაიწყო, რაც მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური მოდელია. რეფორმის ძირითადი არსი მარტივია. მმოგების გადასახადის ვალდებულება საწარმოებში წარმოიქმნება არა მოგების მიღების, არამედ მისი დივიდენდის სახით გაცემის დროს. კომპანიას უფლება აქვს, დაუბეგრავად განახორციელოს მოგების რეინვესტირება, გააფართოოს ან გადაიარაღოს წარმოება ან დეპოზიტზე შეინახოს. მოგების გადასახადის გადახდა ყოველთვიურად ხდება. შესაბამისად, საწარმოებს საშუალება აქვთ, წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალონ მოგების განაწილების გეგმა და საინვესტიციო პოლიტიკა. მოგების რეინვესტირების უფლება ერთნაირად აქვს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს. შედეგად, ესტონეთში გაიზარდა კომპანიების კაპიტალი, აქტივები, წარმოების საშუალებები და, აქედან გამომდინარე, ინვესტიციების განხორციელების მოტივაციაც. ამდენად, როცა ბიზნესს მეტი ფინანსური რესურსი რჩება დაუბეგრავი მოგების სახით, ამით კანონმდებლობა უბიძგებს მას, განახორციელოს რეინვესტიცია, გააფართოოს წარმოება. ჶეს კი პირდაპირ  აისახება უმუშევრობის შემცირებაზე, ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე. სწორედ ესაა ესტონური მოდელის მთავარი უპირატესობა. ამასთან, ესტონეთში მკაცრად კონტროლდება გადასახადის დამალვის შემთხვევები და სანქციებიც ძალიან მძიმეა.

რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლების მოსალოდნელ შემცირებას, ესტონეთში მხოლოდ მოგების ნაწილში ორი წელიწადს იყო შემოსავლების კლება. სხვა გადასახადებიდან შემოსავლები გაიზარდა და, მთლიანობაში, ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზარდა. ორი წლის შემდეგ შემოსავლების ზრდა შეუქცევადი გახდა.

ესტონური მოდელის მომხრეები ვარაუდობენ, რომ საქართველოშიც მოხდება ბიზნესის განვითარება და გაფართოება, რაც თავისთავად ეკონომიკისა და დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს. როგორც ირკვევა, მას ბიზნესიც მხარს უჭერს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ მოდელის დანერგვით შემცირდება საგადასახადო წნეხი კერძო სექტორზე და დაახლოებით 400-500 მლნ ლარი კერძო სექტორში დარჩება. მეორე მხრივ, გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირება [4].

განსხავება ბასს 12-ის (მოგების გადასახადი) მიდგომებთან შედარებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის ის, რომ კომპანია მაშინ დაიბეგრება, როცა მისი მოგება გაიცემა მესაკუთრეზე დივიდენდის სახით. თუ მოგება საწარმოში დარჩება, მაშასადამე მისი რეინვესტირება მოხდა და ეს მოგება არ დაიბეგრება [2]. ეს კი ხელს შეუწყობს ბიზნესის გაფართოებას, რაც დიდი შეღავთი იქნება იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ყოველწლიურად მომგებიანია, რადგან მათ რეინვესტირების საშუალება მიეცემათ _ წერენ ამ მოდელის მომხრეები [4]. თუმცა, ეს უკანასკნელი, ჩვენი აზრით, არგუმენტად არ გამოდგება, რადგან მოგების საწარმოში რეინვესტირება აკრძალული არასოდეს არ ყოფილა. მთავარი დადებითი მომენტია ის, რომ კომპანიებს კანონი უბიძგებს მოგება ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოიყენოს. ხოლო უარყოფით მხარედ მიიჩნევენ იმას, რომ პირველ ორ წელიწადში ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება.

ახალი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია მოგების გადასახადის გამოთვლისა და გადახდის წესები. მმოგების გადასახდით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. აგრეთვე, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება (მომსახურების გაწევა) ან ფულის გაცემა; დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები [1. მუხლი 97.2]. ხოლო წლიური მოგება ჩვეულებრივ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორიოს სტანდარტების მოთხოვნების შებამისად განისაზღვრება და აღირიცხება.

არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი.

განაწილებულ მოგებად არ ჩაითვლება საწარმოს ლიკვიდაციის ან აქციის (წილის) გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც კაპიტალში (საწესდებო ან საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება; საწარმოს პარტნიორზე განხორციელებული გადახდა ამავე საწარმოს აქციის (წილის) საკუთრებაში გადაცემით; საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირებით სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის აქტივების გადაცემა, თუ ამ საწარმოს აქციების (წილის) 50%-ზე მეტი სახელმწიფოს (ან მუნიციპალიტეტის) საკუთრებაშია; საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსაგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) მიღებული დივიდენდის განაწილება და სხვა [1. მუხლი 97].

რეფორმის შედეგად არის მოლოდინი, რომ გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო და კაპიტალის მოცულობა 3,23%-ით გაიზრდება. რეფორმის დადებითი ეფექტი მთლიანი შიგა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებელში 1.44%-ით აისახება. მოსალოდნელია მოხმარების ხარჯების 0,85%-ით ზრდა [3].

ამასთან, რეფორმის შედეგად წლიური საბიუჯეტო დეფიციტის 3%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი. პროგნოზული გამოთვლების შედეგად, მთავრობას შეუძლია აღმოფხრას ეს დისბალანსი, თუ საშემოსავლო გადასახადს 1 პროცენტული პუნქტით ან დღგ-ს 1.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის. თუმცა მოგების გადასახადის კლებით გამოწვეული საბიუჯეტო დანაკარგების ასანაზღაურებლად გაცილებით ოპტიმალური და რეკომენდებული  საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი საგადასახადო შემოსავლების შემცირებაა. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის შემოსავლები უფრო მეტად საგადასახადო შემოსავლებზეა დამოკიდებული. 2015 წელს დამატებული ღირებულების გადასახადმა საგადასახადო შემოსავლების 45,5%, საშემოსავლო გადასახადმა 27%, ხოლო მოგების გადასახადმა 13% შეადგინა [3].

თუ საქართველოში, ესტონეთის მსგავსად, საწარმოები მოგების 59%-ის რეინვესტირებას მოახდენენ და შესაბამისად, არ დაიბეგრებიან მოგების გადასახადით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, მოგების გადასახადის სახით, დაახლოებით 540 მლნ ლარი დააკლდება [2].

ამრიგად, საგადასახადო შემოსავლების შემცირება სახელმწიფო ბიჯეტში ამ რეფორმის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ ბალანსის აღდგენა შესაძლებელია გადასახადების ზრდის ან საბიუჯეტო ხარჯების შემცირებით. თუმცა, ეს მოკლევადიან პერიოდში, სანამ რეფორმის ეკონომიკური შედეგების ეფექტი დადგება. კერძოდ, ვიდრე გააქტიურდება ბიზნესი და გაიზრდება ეკონომიკა.

ამასთან, არსებობს საგადასახადო რისკები, როგორიცაა, გადასახადის დამალვის ალბათობა. მაგალითად, განაწილებული მოგების სახით ხელფასის გაცემის შემთხვევა. ასეთი რისკის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი აზრით, მოგების გადასახადი საშემოსავლო გადასახადს უნდა გაუთანაბრდეს.

საქართველოს საგადასახაო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, მოგების გადამხდელი რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმო მოგების გადასახადს ყოველთვიურად გადაიხდის. 

მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება განხორციელებული განაცემის 0,85-ზე გაყოფით [მ.97.10]. მოგების გადასახადის განაკვეთი რჩება იგივე _ 15%.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით, დივიდენდის სახით განაწილებული მოგების გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგების გადასახადით აგრეთვე იბეგრება სხვაობა მოგების გადასახადით გათავისუფლებულ პირთან მიწოდებული საქონლის გარიგებისა და ფაქტობრივ ფასს შორის.

მაგალითად, გადასახადის გადამხდელმა საწარმომ 2017 წლის თებერვალში მოგების გადასახადით გათავისუფლებულ პირთან დადო გარიგება 12000 ლარის საქონლის მიწოდებაზე. მან იმავე თვეში მიაწოდა საქონელი საბაზრო ფასით 11000 ლარის (ე.ი. საქონელი გაიაფდა). საქონლის მიმწოდებელმა მყიდველისაგან მიიღო გარიგების ფასით 12000 ლარი.  მოცემულ შემთხვევაში საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების ფასზე. ამიტომ, საქონლის მიმწოდებელმა საწარმომ მოგების გადასახადით უნდა დაბეგროს 1000 ლარი.

 საწარმოს მიერ გაცემული შემოწირულობა არ იბეგრება წინა წლის წმინდა მოგების 10%-ის ფარგლებში. დავუშვათ, საწარმოში 2017  წელს მიღებული წმინდა მოგება შეადგენს 240 000 ლარს. მან 2018 წლის 20 მარტს საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გასცა 15400 ლარი შემოწირულობა, ხოლო სექტემბერში 10000 ლარი.

ასეთ შემთხვევაში, ვინაიდნ აგვისტოში გაღებულმა შემოწირულობამ გადააჭარბა წინა წლის წმინდა მოგების 10%-ს (24000), საწარმოს 2018 წლის აგვისტოს საანგარშგებო პეროდისათვის წარმოეშვება 1400 ლარის (25400 – 24000) დაბეგვრის ვალდებულება.

წარმომადგენლობითი ხარჯების ზღვრული ოდენობა წინა კალენდარული წლის შემოსავლების 1%-ია. ხოლო, თუ გაწეული ხარჯი აღემატება შემოსავალს, მაშინ _ გაწეული ხარჯის 1%. საწარმოს დაფუძნების კალენდარულ წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობა კი არის მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გაწეული ხარჯის 1%. თუ დავუშვებთ, რომ საწარმოს მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავალი 950 ათას ლარი, ხარჯები კი 960 ათასი ლარი იყო, ხოლო 2018 წლის თებერვალში გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 8000 ლარი, მაისში გაწეულმა ხარჯებმა კი 7000 ლარი შეადგინა, მაშინ, გამომდინარე იქიდან, რომ ხარჯები აღემატება შემოსავლებს,  წარმომადგენლობითი ხარჯების ზღვრული დონე 960 ათასის 1% ანუ 9600 ლარი იქნება. მოცემულ ვითარებაში, საანალიზო საწარმოს თებარვალში არ ექნება დასაბეგრი წამომადგენლობითი ხარჯი, მაისში კი მისი ჯამური თანხა (8000+7000) აჭარბებს ზღვრულ დონეს და მოგების გადასახადით დაიბეგრება 5400 ლარი (15000 – 9600).

საგადასახადო კანონმდებლობით, საწარმომ მოგების გადასახადის დეკლარაციაში დასა¬ბეგრი თანხების კერძო მაჩვენებლების ბოლოს უნდა აჩვენოს საერთო ჯამური თანხა, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში მოცემულია განაწილებული მოგების კუთვნილი გადასახადის გამოთვლების შემდეგი მეთოდიკა:

დავუშვათ, წლიური დასაბეგრი მოგება 12000 ლარია და მესაკუთრეებზე გამოყოფილია 7000 ლარი.

მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა = 7000 / 0,85 = 8 235 ლ.

მაშასადამე, მოგების გადასახადი = 8235 * 15% = 1 235 ლ

ხოლო რეინვესტირებული მოგება = 12000 – 8235 = 3 765 ლ

1.  დ – მოგების გადასახადის ხარჯი – 1 235 ლ

              კ – ვალდებულება ბიუჯეტთან – 1 235 ლ

2.  დ – მოგება/ზარალი – 1 235 ლ

              კ – მოგების გადასახადის ხარჯი – 1 235 ლ

3.  დ – გაუნაწილებელი მოგება – 7000 ლ

              კ – გასაცემი დივიდენდი – 7000 ლ

შემდეგ გასაცემი დივიდენდი ჩვეულებრივ დაიბეგრება 5%-ით. ჩვენი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუკი ჯერ მოგებიდან ინვესტირებისთვის განკუთვნილი თანხა გამოიყოფა.

ამჟამად მოქმედი ბუღალტრული აღრიცხვის ანგრიშთაა გეგმით, წმინდა მოგება აღირიცხება “გაუნაწილებებლი მოგების” (კოდი: 5310) ანგარიშზე, რაც გაუგებრობას წარმოშობს. ჩვენი აზრით, მას უნდა ეწოდოს “წმინდა მოგების” ანგარიში, რომლის ნაშთი გაუნაწილებელი მოგებაა.          

წმიდა მოგება არის სხვაობა წლიურ მოგებასა და მოგების გადასახადს შორის (ცხრილი 1), ანუ იგი არის პერიოდის მოგების ის ნაწილი, რომელიც რჩება საწარმოში მესაკუთრეებისა და კომპანიის საჭიროებისათვის, საიდანაც გაიცემა დივიდენდი და იქმნება წარმოების გაფართოების და პერსონალის მატერიალური სტიმულირების რეზერვები.

 ცხრილი 1

მოგება/ზარალის ანგარიშგების ფრაგმენტი

                                   მაჩვენებლები

   თანხა (ლ)             

საოპერაციო შემოსავლები

საოპერაციო ხარჯები

   ----------------------------------------------

          საოპერაციომოგება

საპროცენტო შემოსავლები

საპროცენტო ხარჯები

    --------------------------------------------

           წლიურიმოგება

მოგების გადასახადი

    ----------------------------------------------

           წმინდამოგება

გასაცემი დივიდენდი

რეინვესტირებული მოგება (12000 – 8235)

  23 000

  (18 600)

 -----------------

   12 800

   2 300

   (3 100)

 --------------

   12 000

   (1 235)

 ---------------

   10 765

   (7 000)

   (3 765)

 

პირველ ცხრილში მოცემულია მოგების ფორმირების და განაწილების ზოგადი სურათი. თუკი მოგება არ დაიბეგრება, მაშინ  პერიოდის მოგება დაემთხვევა წმინდა მოგებას. 

ამრიგად, ახალი მოდელის გამოყენების შედეგად: ხელი შეეწყობა დარჩენილი მოგების რეინვესტირებას საწარმოში; გამარტივდება აღრიცხვა და აღარ იარსებებს გადავადებული საგადასახადო აქტივისა და გადავადებული საგადასახადო ვალდებულების აღრიცხვის საჭიროება. აგრეთვე, აღარ იარსებებს დაგროვილი გაუნაწილებელი ზარალის მაჩვენებლი; აღრიცხვიანობაზე დახარჯული დრო შემცირდება; მოგების გადასახადის აღიარების ვადა ემთხვევა გადახდას ან განაწილებას.

მოგების გადასახადის ახალი მოდელის დანერგვისაგან მისაღები შედგების პროგოზები რომ შესრულდეს, ვფიქრობთ, მხოლოდ მოგების დაბეგვრის სისტემის შეცვლა საკმარისი არ იქნება. მაინც ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოგების ინვესტიცია საწარმოში განხორციელდება თუ  არა. ბიზნესს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, სათანადო პასუხისმგებლობები საზოგადოების პროგრესის წინაშე, რაც თვით ბიზნესის ზრდა-განვითარების წყაროცაა, კაპიტალის მესაკუთრეებს საქართველოში, უმრავლეს შემთხვევაში გაცნობირებული არ აქვთ. მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, საწარმოთა ფინანსური ანგარშგება არის საჯარო ინფორმაცია, მაგრამ, საქართველოში მას საწარმოების დიდი უმრავლესობა არ აქვეყნებდა, სანამ სათანადო კანონმდებლობით სავალდებული არ გახდა იგი. შესაბამისად, აუცილებლობად ვთვლით, კანონით დაწესდეს, რომ საწარმოთა მენეჯმენტმა მოგებიდან მინიმუმ რამდენი პროცენტი უნდა დააბანდოს საწარმოს შიგნით. ჩვენი აზრით, ეს მინიმუმ 30% მაინც უნდა იყოს. ზედა ზღვარი თავად მენეჯმენტმა გადაწყვიტოს. იმავე ესტონეთში საწარმოთა მოგების 59%-ის რეინვესტირება ხდება. ამასთან, საქართველოსთან შედარებით გადასახადებიც უფრო მაღალია. მეორე ცხრილში წარმოდგენილია ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოში მოქმედი გადახასახდების საერთო სურათი.

როგორც ცნობილია, ესტონეთს და მთლიანად ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აქვთ უფრო მეტად მარტივი და მსუბუქი ფიქსირებული განაკვეთების საგადასახადო სისტემა ევროკავშირთან შედარებით [6]. როგორც მეორე ცხრილიდან ჩანს, საქართველოში საგადასახადო ტვირთი კიდევ უფრო დაბალია. თუ მთავარი დაბალი გადასახადებია, ეკონომიკა საქართველოში უკეთეს დონეზე უნდა იყოს, მაგრამ, ასე არაა. 2017 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდის მიხედვით ესტონეთი მე-40, საქართველო კი 105-ე ადგილზეა.

                                                          ცხრილი 2

გადასახადების საერთო სურათის შედარება

გადასახადები

ესტონეთი

ლატვია

ლიტვა

საქართველო

საწარმოს

მოგების

გადასახადი

0% ინვესტირებულ მოგებაზე,

21% განაწილებულ

მოგებაზე

15%, მცირე

ბიზნესზე  9%.

15%,

მცირე

ბიზნესზე  5%.

0% ინვესტირე-  ბულ მოგებზე,

15% - განაწილე-

ბულ მოგებაზე

პირადი საშემოსავლო გადასახადი

 

21%

 

25 %

15%.

თვითდასაქმებულზე

5%.

 

20%

დაკავებული გადასახადები:

 

 

 

 

დივიდენდი

0%, რეზიდენტ

კომპანიებზე 21%

10%, გამოიყენება

გამონაკლისებიც

20% ინდივიდებზე, 15% კომპანიებზე.

გამოიყენება გამონაკლისებიც

0% კომპანიებზე, 5% ინდივიდებზე

საპროცენტო შემოსავალი

21% (არარეზიდენტ პირებზე მხოლოდ დარიცხული %-ის მიხედვით)

10%, გმოიყენება

გამონაკლისებიც

15%, გამოიყენება

გამონაკლისებიც

 

5%

კაპიტალის ნაზრდის

გადასახადი

(Capital gains)

 

21%

15%. არარეზიდენტებზე 0%. გამოიყენება გამონაკლისებიც

გამოიყენება

გამონაკლისებიც

არ არსებობს

 

სოციალური

გადასახადი

33% დამსაქმებელზე

24,09 % დამსაქმებელზე. 11% თანამშრომელზე

31% დამსაქმებელზე.  9% თანამშრომელზე

არ არსებობს

 

დ ღ გ

20%.  შემცირებული განაკვეთი 9%.

22%. შემცირებული

განაკვეთი 12%.

21%. შემცირებული

განაკვეთი 9%.

18%

მშპ 1 სულზე ($)

28 650

24 652

28 413

9 591

ბალტიისპირეთის ქვეყნებში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადებულია მცირე მეწარმეობისათვის უცხოელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებში. ამასთან, ბალტიის სამივე ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესის კულტურა და კეთილგანწყობა, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვით. როცა მავანნი საკუთარი ბიზნესისათვის მზად არიან ტყეები გადაწვან და შენობები დაანგრიონ, იქ უფრო მკაცრი საკანონმდებლო მიდგომებია საჭირო.

ამრიგად, მოგების გადასახადის ახალი მოდელის თავისებურება იმაში მდგომარეობს რომ, თუ მოგება საწარმოში დარჩება, მაშასადამე მისი რეინვესტირება მოხდა და ეს მოგება არ იბეგრება. შედეგად, მთავარი დადებითი მხარეა ის, რომ კომპანიებს ეძლევათ სტიმული, მოგება ეკონომიკური საქმიანობისათვის საწარმოს შიგნით გამოიყენონ, რაც, მეორე მხრივ, შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს. უარყოფით მხარედ მიიჩნევენ იმას, რომ პირველ ორ წელიწადში ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდება.

ჩვენი აზრით, ის, რომ კანონი არაპირდაპრ აიძულებს საწარმოს, მოგების რეინვესტირება მოახდინოს, პანაცეა ვერ იქნება, რადგან, ჯერ ერთი, მოგების რეინვესტირება არც აქამდე არ იყო აკრძალული, მეორე, მოგების გადასახადის განაკვეთი 15% იმდენად მაღალი არაა, რომ მესაკუთრემ დივიდენდზე უარი თქვას და მესამე, სამწუხაროდ, საქართველოში ხშირ შემთხვევაში, გადასახადების გადახდის აუცილებლობის თვითშემეცნების დონე დაბალია. ამიტომ, საჭიროდ ვთვლით დამატებით შემდეგი ღონისძიებების გატარებას:

•  ყველა ტიპის საწარმოსთვის დაკანონდეს მოგების მინიმალური პროცენტული ზღვარი (30%), რომლის რეინვესტირება აუცილებლად განხორციელდება. ზედა ზღვარი დამოუკიდებლად საწარმოებმა გადაწყვიტონ;

•  საწარმოებში წლიური მოგებიდან პირველ რიგში გამოიყოს ინვესტირებული მოგების თანხა და დანარჩენი, მოგების გადასახადის გამოქვითვის შემდეგ, გაიცეს დივიდენდის სახით;

•  მოგების გადასახადის განაკვეთი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს (20%) გაუთანაბრდეს.

მოცემული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, მოგების გადასახადის ახალი მოდელი საქართველოში უფრო დაიხვეწება, საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდება, რეალურად გაიზრდება დასაქმებაც და მინიმუმამდე შემცირდება საგადასახადო რისკები.   

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, თბ., 2016.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

2. საგადასახადო რეფორმა და ესტონური მოდელი.

http://www.eprc.ge/index.php?a=main&pid=1342&lang=geo

3. მიქაუტაძე გ, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, ინტერვიუ. 

https://bpn.ge/biznesi/19129-mogebis-gadasakhadis-estonuri-modelis-mthavari-saidumlo.html?lang=ka-GE

4. ნანუაშვილი ნ., მოგების გადასახდის რეფორმა – ესტონური გაკვეთილი საქართველოსთვის. http://forbes.ge/news/904/estonuri-gakveTili-saqarTvelosaTvis

5. The Estonian tax model. http://www.amcham.ge/diary/rtable_2016-03-09/estonian-model.pdf

6. Taxation in the Baltic States. http://www.img.ee/en/taxation-baltic-states